Sebo Dito & Partners

სებო დიტო & პარტნიორები

“ჩვენი სტუდია ისტორიულ შენობაში მდებარეობს. მისი გარემო და ინტერიერი ჩვენს არქიტექტურულ სტილს და შემოქმედებით ხედვას ასახავს”.

არქიტექტურული სტუდია “სებო დიტო და პარტნიორები” 2003 წელს ნიკოლოზ სებისკვერაძემ (სებო) და დიმიტრი ელიკაშვილმა (დიტო) დააარსეს. თბილისის ისტორიულ ცენტრში პროექტების განვითარება და საკუთარი ხედვის განხორციელება ორივესთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს: მათი მიზანია, თანამედროვე ნაგებობები ისტორიულ გარემოში უმტკივნეულოდ ჩაეწეროს. “სებო დიტო და პარტნიორები” მუშაობს, როგორც ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ნაგებობების პროექტებზე, ასევე, ინტერიერების დიზაინზე. 2011 წელს კონკურსში “ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი” მათი ნამუშევარი მთავარი პრიზით აღინიშნა.

ნიკოლოზ სებისკვერაძე (სებო) 1969 წელს დაიბადა თბილისში. 1986-1989 წლებში სწავლობდა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე, 1989-1992 წლებში – თეატრის მხატვრობის ფაკულტეტზე. 1995 წლიდან, დღემდე მუშაობს, როგორც არქიტექტორ-დიზაინერი. 2008-2009 წლებსა და 2020-დან დღემდე არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მეთოდოლოგიური კომისიის წევრი.

დიმიტრი ელიკაშვილი (დიტო) 1980 წელს დაიბადა თბილისში. 1995-1999 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1999-2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2003 წლიდან მუშაობს არქიტექტორ-დიზაინერად.